geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა" მეორე გამოცემის წარდგენა

ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებში თსუ გამომცემლობამ წარადგინა წიგნის - „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა“ - მეორე გამოცემა. მონოგრაფიის ავტორია თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე სერგო ჯორბენაძე, რომლის დაბადებიდან 100 წლის იუბილე 2026 წელს აღინიშნება.

 

წიგნი, რომლის პირველი გამოცემიდან 40 წელზე მეტი გავიდა, არა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების აღწერას, არამედ XX საუკუნის დასაწყისში ქართველი ერის გამოღვიძების პერიოდს მოიცავს. მასში წარმოდგენილია საარქივო დოკუმენტებით გამყარებული ფაქტები და მიგნებები, ხოლო რედაქტორი გახლდათ აკადემიკოსი აკაკი შანიძე - უნივერსიტეტის შექმნის უშუალო მონაწილე და ივანე ჯავახიშვილის მეგობარი.

 

ახალი გამოცემა უნიკალურია: მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა იხილოს მეცნიერის სრული აკადემიური კრებული, რომელიც მოიცავს როგორც სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. წიგნის განმეორებით გამოცემაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის თსუ რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, ასევე მრავალ მკვლევრს, სტუდენტს და ავტორის ოჯახის წევრებს.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ ადამიანთა ჩართულობა, რომლებიც წიგნის განმეორებით გამოცემის იდეას მუდამ მხარში ედგნენ და აქტიურ როლს ასრულებდნენ საბოლოო ვერსიის შექმნაში. ესენი გახლავთ: კახა რუსიძე, ნათია დვალი და თამარ გაბელაია.

თარიღი: 22/04/2026